ჩვენ შესახებ
About Baker Tilly Georgia
Baker Tilly Georgia-ს შესახებ
Baker Tilly Georgia Limited 1996 წლის ივლისში დაარსდა და მისი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს. კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც პროფესიული საბუღალტრო და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურება დანერგა. დაარსებიდან მოკლე დროში მან სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაცია მოიპოვა და პროფესიულ რეიტინგებში წამყვანი პოზიციები დაიკავა. კომპანიას აქვს ზოგადი, სადაზღვევო, საბანკო და საბირჟო აუდიტის ჩატარების ლიცენზიები. ქვეყნის მასშტაბით პროფესიონალთა ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი საშუალებას გვაძლევს, საბუღალტრო და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურება გავუწიოთ საშუალო და მსხვილ კომპანიებს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.
დარგში წამყვანი პოზიცია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ამ პასუხისმგებლობას საერთაშორისო პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის განუხრელი დაცვით ვასრულებთ. მუდმივად ვადევნებთ თვალს ჩვენს სფეროში მიმდინარე საერთაშორისო ცვლილებებს და ხარისხის მონიტორინგის პოლიტიკის მეშვეობით ვუზრუნველყოფთ, რომ კლიენტებმა მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. საერთაშორისო გამოცდილებას ადგილობრივი ბაზრის ცოდნას ვუთავსებთ, რათა კლიენტებს გლობალურ ცვლილებებთან ადაპტაციაში მათთვის ნაცნობ და სანდო გარემოში დავეხმაროთ.
Baker Tilly International-ის წევრობა
2003 წლის თებერვლიდან Baker Tilly Georgia Limited არის Baker Tilly International-ის დამოუკიდებელი წევრი. Baker Tilly International აერთიანებს დამოუკიდებელ ფირმებს, რომლებიც მაღალი ხარისხის საბუღალტრო და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობენ კლიენტებს როგორც ადგილობრივ ბაზრებზე, ისე საერთაშორისო დონეზე, ყველგან, სადაც მათ პროფესიული მხარდაჭერა სჭირდებათ.
მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით Baker Tilly International მსოფლიოში მერვე უმსხვილესი ქსელია. იგი 147 ქვეყანაში 126 ფირმითა და 769 ოფისით არის წარმოდგენილი. ქსელის ჯამური შემოსავალი 3.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 30 500-ს აღწევს.
იურიდიული ინფორმაცია
Baker Tilly Georgia Ltd არის Baker Tilly International-ის დამოუკიდებელი წევრი. Baker Tilly International Limited ინგლისური კომპანიაა. Baker Tilly International კლიენტებს პროფესიულ მომსახურებას არ უწევს. ქსელის თითოეული წევრი ფირმა ცალკე და დამოუკიდებელი იურიდიული პირია და ამ სტატუსით წარუდგენს თავს საზოგადოებას.
Baker Tilly Georgia Ltd არ არის Baker Tilly International-ის აგენტი და არ აქვს უფლებამოსილება, Baker Tilly International-ს ვალდებულებები დააკისროს ან მისი სახელით იმოქმედოს. Baker Tilly International, Baker Tilly Georgia Ltd და Baker Tilly International-ის სხვა წევრი ფირმები ერთმანეთის ქმედებებსა თუ უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. სახელწოდება Baker Tilly და შესაბამისი ლოგო გამოიყენება Baker Tilly International Limited-ის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.